ღონისძიებები

გუნდს თავისი არსებობის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ღონისძიებაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. გადაავლეთვალი ჩვენს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს უფრო ვრცლად.

2025 წელი

საქართველოს პირველ არხზე დაიწყო სახალხო პროექტი, მეგაშოუ „ხალხური“, რომელშიც წარმატებით მონაწილეობდა ახალი ბანას გუნდი. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ასობით მუსიკალურმა კოლექტივმა, საოჯახო ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, საიდანაც შეირჩა 40 საუკეთესო მონაწილე, 12 სატელევიზიო ეთერისთვის. ნახევარფინალში გადავიდა 20 საუკეთესო მონაწილე, ხოლო ფინალში კი 10 საუკეთესო შემსრულებელი იბრძოდა პირველობისთვის. ახალი ბანას გუნდმა წარმატებით იასპარეზა პროეტის ფინალამდე და ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი სახალხო პროექტის პირველი სეზონის ფინალისტებს შორის.

27 მაისი, 2025 წელი

2025 წლის 27 მაისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ახლგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო ახალი ბანას გუნდმა, შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და საეკლესიო საგალობლები.

29 აპრილი, 2025 წელი

2025 წლის 29 აპრილს, ქართული მრავალხმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, ახალი ბანას გუნდმა კონცერტი გამართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის!

23 თებერვალი, 2025 წელი

2025 წლის 23 თებერვალს, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ახალი ბანას გუნდმა პირველი საანგარიშო კონცერტი და აუდიო ალბომის პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაიწერა. საანგარიშო კონცერტზე შესრულდა როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები, ამავდროულად ქალაქური ფოლკლორის, ქალაქური მუსიკისა და საკომპოზიტორო ნაწარმოებები. გუნდის დირექტორმა ლაშა გელაშვილმა, რომელიც უძღვებოდა საღამოს, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ანსამბლის მიზნები, ისაუბრა გუნდის განვლილ მცირე შემოქმედებით ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე, მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისა და მხარდაჭერისთვის. ღონისძიების დასასრულს გუნდის წევრები და სტუმრები დალოცა ყოვალდუსამღვდელოესმა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა. მეუფემ აღნიშნა, რომ ახალი ბანას გუნდი არის ბანას კულტურულ-სამონასტრო საგანმანათლებლო ცენტრის, კულტურული მიმართულების ერთ-ერთი უპირველესი და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სამგალობლო მიმართულებით სწორედ ახალი ბანას კათედრალისთვის შეიქმნა.  ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეატრისა და კინოს მსახიობები, ჟურნალისტები, ცნობილი ლოტბარები და ხალხური სიმღერის ეპოქალური შემსრულებლები, მათ შორის ბატონი რამინ მიქაბერიძე, რომელმაც გუნდს მიულოცა წარმატებული გამოსვლა და მომავალი შემოქმედებითი გზა დაულოცა.

9 სექტემბერი, 2024 წელი

2024 წლის 9 სექტემბერს თელავის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, “ახალი ბანას” გუნდმა და დედას ლევანას სახელობის ფოლკლორულმა ანსამბლმა “შილდამ”, თელავში, ნადიკვარის პარკში, ერთობლივ კონცერტი გამართა.

6 სექტემბერი, 2024 წელი

2024 წლის 6 სექტემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ბორკომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ახალი ბანას გუნდი სოლო კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე.

15 აგვისტო, 2024 წელი

2024 წლის 15 აგვისტოს ინდოეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე ახალი ბანას გუნდი მსმენელის წინაშე წარსდგა. ღონისძიებას ინდოეთის საელჩოს თანამშრომლები, სტუდენტები, ინდური კულტურის და სხვდასხვა სოციალური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შესრულდა რამდენიმე ერთობლივი მუსიკალური ნომერიც.

ივლისი, 2025 წელი

2024 წლის ივლისის თვეში საქართველოს სამხრეთ კორეის ნაციონალური ტელევიზიის წარმომადგენლები სტუმრობენ. გადამღებმა ჯგუფმა ჩვენი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში იმოგზაურა და მნიშვნელოვანი მასალა შეაგროვა საქართველოს, ქართული კულტურისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. 30 ივლისს ისინი ახალი ბანას გუნდს, რეპეტიციაზე ესტუმრნენ. რეპორტიორებმა მოისმინეს და ჩაწერეს რამდენიმე ნიმუში ქართული სიმღერისა, პოლიფონიასა და მის მნიშვნელობაზე საინტერესო საუბარი ჰქონდათ ცნობილ ფოლკლორისტ, ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელ დავით ცინცაძესთან და ბანას გუნდის ხელმძღვანელებთან. გადაღების დასასრულს ჟურნალისტები გუნდის წევრებთან ერთად ქართულად ამღერდნენ.

23 ივლისი, 2024 წელი

2024 წლის 23 ივლისს ახალი ბანას გუნდი გაემგზავრა ჩეხეთის რესპუბლიკაში. ახალი ბანას გუნდმა, ჩეხეთში, კარლოვი-ვარის  საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით დღეს, კონცერტი გამართა. კონცერტზე, როგორც ფოლკლორული, ასევე რამდენიმე საკომპოზიტორო ნიმუში შესრულდა, მათ შორის აღსანიშნავია საქართველოში მოღვაწე გენიალური ჩეხი კომპოზიტორის, იოსებ რატილის  “სძინავს ტბას”. კონცერტმა, რომელსაც არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, ანშლაგი და მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

26 მაისი, 2024 წელი

2024 წლის 26 მაისს, ქალაქ ხაშურში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მიწვევით ახალი ბანას გუნდმა სხვადასხვა კუთხის სიმღერები შეასრულა.

12 მაისი, 2024 წელი

2024 წლის 12 მაისს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწვევით, რუსთავის პარკში, ახალი ბანას გუნდმა გახსნა ფესტივალი „ქართული“, რომელმაც ათობით ქართული ქორეოგრაფიის მიმდევარი კოლექტივები გააერთიანა.

6 სექტემბერი, 2024 წელი

2024 წლის 26 აპრილს ხაშურის მუნიციპალიტეტის  სოფელ ქვიშხეთში, ეპოქალური ქართველის, წმინდა დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული – “ყიფიანობა” გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა  სვიმეონმა, წმინდანის სახლ-მუზეუმში სავედრებელი პარაკლისი აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგ ქადაგებით მიმართა შეკრებილ მრევლს და მიულოცა დღესასწაული, ისაუბრა წმინდანის დიდ ღვაწლსა და ცხოვრებაზე, რომელიც თოთოეული ჩვენგანისთვის მისაბაძი და სამაგალითოა. მსახურების შემდეგ  გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა “ახალი ბანას გუნდმა” მიიღო.

25 იანვარი, 2024 წელი

2024 წლის 25 იანვარს, ახალი ბანას გუნდი ქართულ-ინდური კულტურის ფესტივალის ფარგლებში ინდოეთს ეწვია, სადაც რამდენიმე ღონისძიების ფარგლებში ღირსეულად წარსდგა ადგილობრივ სამთავრობო, არასამთავრობო, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, სტუდენტების, ჟურნალისტებისა და ასობით სხვა მოქალაქის წინაშე და ფართო აუდიტორიას გააცნო ქართული პოლოფონია.  ფესტივალის ფარგლებში შედგა შეხვედრა ინდოეთის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლაბთან, სადაც ასევე გაიმართა კონცერტი. ფესტივალს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, რომელმაც ფესტივალის მონაწილეებს ამომწურავად ესაუბრა ისტორიული კავშირებზე, ინდოეთსა და საქართველოს შორის. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ინდოეთის  ფონდის პრეზიდენტმა, ცნობილმა ინტელექტუალმა რამ მადჰავმა, ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდოეთის ყოფილი ელჩები საქართველოში კიშან დან დევალი და სურუშ ბაბუ, ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭოს დირექტორის მოადგილე, ანჯუ რანჯანი, დელეგაციის მასპინძელი ინდოეთში –  ბესტ ინოვაციური უნივერსტეტის პრეზიდენტი ბჰარატ ლალ მინა და კანცელერი რუპა მაჰადევანი, ამასთანავე, ინდოეთის საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროს, მედიისა და პრესის წარმომადგენლები.  ანსამბლმა უცხოელ მსმენელს წარუდგინა ქართული ფოლკლორის ნიმუშები, რომელმაც დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია. ქართული მხიდან ფესტივალში მონაწილეობდა მსახიობი და ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, ქართველი პროფესორ მასწავლებლები, ჟურნალისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. ფესტივალი, 29 იანვრამდე გაგრძელდა, რომელიც ახალი ბანას გუნდის სოლო, ინდოეთში გამართულ რიგით მესამე კონცერტით დაიხურა

11 ნოემბერი, 2023 წელი

2023 წლის 11 ნოემბერს, ახალი ბანას გუნდმა, სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსების 10 წლისთავთან დაკავშირებით სოლო კონცერტი გამართა. კონცერტი ახალი ბანას მიმდებარედ, ამავე კონცეფციის ფარგლებში არსებული პროფესიული სასწავლების სააქტო დარბაზში გაიმართა. კონცერტს წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ეპაქრიის მცხოვრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

9 ივლისი, 2023 წელი

ყოვლადუსამღვდელოესის, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2023 წლის 9 ივლისს, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა “შავნაბადამ”, ქალაქ ხაშურში, “ახალი ბანას” მიმდებარე ტერიტორიაზე, სოლო კონცერტი გამართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღო “ახალი ბანას” ახალგაზრდულმა გუნდმა, სადაც შესრულდა როგორც ინდივიდუალური ასევე ერთობლივი სასიმღერო ნიმუშები. ღონისძიება მიეძღვნა უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის აღსანიშნავ საიუბილეო თარიღებს.

19 ივინისი, 2023 წელი

2023 წლის 19 ივნისს, „ახალი ბანას“ ვაჟთა ახალგაზრდული გუნდი თსუ-ის ადმინისტრაციის მოწვევით, სტუდენტთა სასწავლო ჟურნალის – „გზავნილი ხარაგაულიდან“ პრეზენტაციაზე სხვადასხვა სასიმღერო ნიმუშებით წარსდგა. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,  აკადემიკოსი ჯაბა სამუშია,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ჟურნალის რესპონდენტები ხარაგაულიდან, პროფესორები, სტუდენტები  და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

2 მაისი, 2023 წელი

2023 წლის 2 მაისს, ახალი ბანას გუნდი თბილისის საგუნდო მუსიკის XIII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მაყურებლის წინაშე წარსდგა, სადაც შეასრულა როგორც საკომპოზიტორო, ისე ფოლკლორული ნიმუშები.

20 ნოემბერი, 2023 წელი

2022 წლის 20 ნოემბერს, თბილისში, ქალაქის თეატრში ახალი ბანას ვაჟთა ახალგაზრდული გუნდისა და თბილისის გოგონათა ახალგაზრდული ანსამბლის პირველი ერთობლივი კონცერტი ჩატარდა.

10 ნოემბერი, 2022 წელი

2022 წლის 10 ნოემბერს, ახალი ბანას გუნდმა, სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსების 9 წლისთავთან დაკავშირებით კონცერტი გამართა ქალაქ ხაშურის სამუსიკო სკოლის საკონცერტრო დარბაზში.

17 ოქტომბერი, 2022 წელი

2022 წლის 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალი ბანას გუნდი შეუერთდა კულტურის ცენტრ „იმედში“ მიმდინარე ღონისძიებას, სადაც შესრულდა რამდენიმე ფოლკლორული სასიმღერო ნიმუში.

15 ოქტომბერი, 2022 წელი

2022 წლის 15 ოქტომბერს, ახალი ბანას ვაჟთა ახალგაზრდულმა გუნდმა, ხაშურქალაქობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ანსამბლის პირველი გამოსვლა ხაშურში, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

22 აგვისტო, 2022 წელი

2022 წლის 22 აგვისტოს მთაწმინდის პარკში ახალი ბანას გუნდმა ბაქსვუდის სკოლას უმასპინძლა. ღონისძიება მოიცავდა მულტიკულტურულ ელემენტებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა წარმოაჩინეს საკუთარი ქვეყნის სასიმღერო და ქორეოგრაფიული ნომრები. გუნდი სტუმრებს ხალხური სიმღერებით შეეგება.

9 ივნისი, 2022 წელი

2022 წლის 9 ივნისს, ახალი ბანას გუნდმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო საერო და საეკლესიო სახალხო დღესასწაულის – „გარეჯობის“ აღნიშვნაში. კონცერტი გაიმართა დავით გარეჯის ლავრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ გარეჯის სახალხო დღესასწაული დავით გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება. 

მიიწვიე გუნდი შენს ღონისძიებაზე